კახა კალაძის თქმით, თბილისში საახალწლო განათებები 21:00 საათის შემდეგაც არ გამოირთვება.
მერმა თქვა, რომ ეს მოსახლეობის თხოვნით კეთდება.
როგორც კალაძე ამბობს, პანდემიასთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური საშუალება დადებითი განწყობა და სულიერი სიმხნევეა.
"რა არის ჩვენი იარაღი პანდემიასთან ბრძოლის დროს? რასაკვირველია, კარგი განწყობა, სულიერი სიმხნევე, ადამიანების სითბო და სიყვარული. როგორ შევხვდეთ ახალ წელს - შეშინებულები და დათრგუნულები? ცხადია, არა! ჩვენი განწყობა, მომავლის რწმენა, იმედი, სადღესასწაულოდ მორთული ქუჩები, ერთმანეთისადმი სოლიდარობა დაასუსტებს ამ უხილავ მტერსაც კი. ერთხელ ვთქვი და გავიმეორებ - ბავშვების ჟრიამული, ხალისი, კისკისი არის ის, რისიც ყველაზე მეტად ეშინია ამ ვირუსს“, - თქვა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, სადღესასწაულო განწყობა, რაც საახალწლო ილუმინაციებით მორთულ ქუჩებს მოაქვს, ძალიან მნიშვნელოვანიაა.
"თითქოს თბილი და მყუდრო ქუჩები ამ ადამიანების დაღლილობას, სტრესს და მძიმე სამუშაო დღეს მალამოდ დაედება, გაათბობს და იმედით აღავსებს. შესაბამისად, ვითვალისწინებთ თითოეული თბილისელის სურვილს - დარჩეს ჩვენი ქუჩები განათებული! კოვიდი ახალ წელს ვერ მოკლავს, ვერ ჩააქრობს სინათლეს და სიცოცხლის სურვილს ჩვენს გულებში, იმედს ჩვენს თვალებში, ვერ ჩაგვაბნელებს!" - თქვა მერმა.